weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყოფილი მთავარი პროკურორი ლევან ყიფიანს გაუპატიურებით დაემუქრა – რუსთავი 2

01:05 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018
ფოტოზე ოთარ ფარცხალაძე ფოტოზე ოთარ ფარცხალაძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ინფორმაციით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. ინციდენტი „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ფარცხალაძე და ყიფიანი 4 მილიონს სძალავდნენ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გადაცემა „P.S.“-დან გახდა ცნობილი. „რუსთავი 2“-ის მთავარი წყარო თავად ზაზა ოქუაშვილია.

ტელეკომპანიის ცნობით, 2004 წელს ქვეყნიდან წასული ზაზა ოქუაშვილი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და თავისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოუყვა. ივანიშვილი მას დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც ოქუაშვილს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე შეხვდა. მათი შეხვედრა ფარცხალაძის სახლში შედგა.

ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ საუბარი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ფარცხალაძე გარშემორტყმული იყო შეიარაღებული ადამიანებით და მათი უმრავლესობა - თავად ყოფილი მთავარი პროკურორიც დიდი ალბათობით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძემ მას უთხრა, რომ ბიზნესპრობლემების მოსაგვარებლად ე.წ. კონტრიბუცია - 4 მილიონი უნდა გადაეხადა.

ზაზა ოქუაშვილმა ფარცხალაძეს უპასუხა, რომ ერჩივნა მოლაპარაკება უშუალოდ ივანიშვილთან გაეგრძელებინა, რაზეც ფარცხალაძემ განუმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ის წარმოადგენდა და ის იყო ივანიშვილის შუამავალი.

ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ვითარებაში გარკვევა სთხოვა. ლევან ყიფიანი იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და ჰკითხა ამ საქმეში ოთარ ფარცხალაძეს რა როლი ჰქონდა. თავის მხრივ, კვირიკაშვილი ამ საკითხის გასარკვევად პირადად ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, რომლისგანაც მიიღო დასტური, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მითითებით მოქმედებდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქმეში კვირიკაშვილის ჩარევით უკმაყოფილო დარჩა და ფარცხალაძეს დაავალა ლევან ყიფიანისთვის ჭკუა ესწავლებინა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ თავის ჯგუფთან ერთად ლევან ყიფიანი გაიტაცა და კონსპირაციულ ადგილზე, საბურთალოს ბაზრის უკან მდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა. სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაიყვანეს, უმოწყალოდ ცემეს, მთლიანად გააშიშვლეს და დაემუქრნენ, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, გააუპატიურებდნენ.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ ლევან ყიფიანი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერებსაც აქვეყნებს, რომელიც მათი განცხადებით, ლევან ყიფიანზე ძალადობას და მუქარას ადასტურებს. ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ ლევან ყიფიანის, ზაზა ოქუაშვილისა და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების საუბარი ისმის. ზაზა ოქუაშვილი ახსენებს „სარდაფში ჩასვლას“ და „ცემ-ტყეპას“. თავად ყიფიანი კი ინციდენტს „ავარიად“ მოიხსენიებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ლევან ყიფიანს მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მმართველ გუნდთან კავშირი არ აქვს. „ქართული ოცნება“ ასევე უარყოფს ხელისუფლების მხრიდან „ომეგა ჯგუფზე“ და ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლის შესახებ ბრალდებებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]